სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მესამე მოქალაქის დაკავებასაც ადასტურებს. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზით დაადასტურეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.
"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.
როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით" - წერია სუს-ის განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონში, მეორე ოტობაიას დასახლებაში საქართველოს ორი მოქალაქე გუშინ, 20 აგვისტოს დააკავა.
საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.
"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“" - წერია სუს-ის განცხადებაში.
დაკავებულ მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და საქართველოდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ეხმარებოდნენ - განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СГБ) გაავრცელა, რომელშიც "უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო მიგრაციის არხის ჩახშობის" შესახებ საუბრობენ.
"დაკავებულთა სახლებში აღმოჩენილი იყო F1 ტიპის ყუმბარა, РГД ტიპის ხელყუმბარა, 1 600 გრამის წონის ტროტილი, 45 გრამი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, TNT-ის ბლოკი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და ასევე დოლარის კუპიურების დასტა". - ამბობენ მარიონეტული რეჟიმის უწყებაში.