ოკუპირებული აფხაზეთი

საოკუპაციო რეჟიმმა 2-თვიანი "წინასწარი პატიმრობა" მიუსაჯა – სუს-ი დაკავებულ პირებზე

apsnypress.info

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. უწყების ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. "სასამართლოს“ მიერ "მიესაჯა“ 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ "აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“. 

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით" - წერია სუს-ის განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონში, მეორე ოტობაიას დასახლებაში საქართველოს ორი მოქალაქე გუშინ, 20 აგვისტოს დააკავა.

დაკავებულ მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და საქართველოდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ეხმარებოდნენ.

ამაზე განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СГБ) გაავრცელა, რომელშიც "უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო მიგრაციის არხის ჩახშობის" შესახებ საუბრობენ. 

"დაკავებულთა სახლებში აღმოჩენილი იყო F1 ტიპის ყუმბარა, РГД ტიპის ხელყუმბარა, 1 600 გრამის წონის ტროტილი, 45 გრამი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, TNT-ის ბლოკი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და ასევე დოლარის კუპიურების დასტა". - ამბობენ მარიონეტული რეჟიმის უწყებაში.

20 აგვისტოს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან აფხაზეთში გადასვლას ცდილობდნენ.

 

კომენტარები