უკრაინის საქმეთა რწმუნებული საქართველოში, მიხაილო ხარიშინი ინტერპრესნიუსთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.
კერძოდ ხარიშინი უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ, როდესაც უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა, რომელიც მისი თქმით, დაემთხვა ანტიუკრაინული და პრორუსული ძალების მიერ საქართველოში, საელჩოს შენობასთან გამართულ "პერფორმანსს" - შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.
"როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა "პერფორმანსს", რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ, საელჩოს შენობასთან, შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა". - ამბობს ხარიშინი ინტერვიუში.
მისივე თქმით, უკრაინა არაა წინააღმდეგი, რომ საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე მიმდინარეობდეს, თუმცა იგი ამბობს, რომ ამისთვის უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილებაა საჭირო.
"უკრაინაში ყოველთვის ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვიცავთ ამ წესს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მონაწილე და მთავარი ძალა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტისას. საზოგადოების, მოხალისეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, მაშინ მთელი საზოგადოება გაერთიანდა.
ამ კონტექსტში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში, როცა თქვენთან ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა (რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები), მკაფიოდ განაცხადა, სხვა უფლებების გარდა, რომლებიც უნდა დაიცვან ამა თუ იმ ქვეყნებმა, რომლებიც თავს ევროპულად მიიჩნევენ, შედიან ევროპულ სტრუქტურებში, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ დაუჭერს მხარს უცხო ქვეყნის აგენტების კანონს იმ ფორმით, როგორითაც ის არის. ეს კანონი, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიხედოს, ანდა საერთოდ გაუქმდეს, როგორც ამას გთავაზობთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა. დავამატებ, რომ უკრაინამ უკვე გადაიტანა მსგავსი ეპიზოდი თავის ისტორიაში. ეს მოხდა 2013-2014 წლების ზღვარზე, უმაღლესმა რადამ იმ დროინდელი შემადგენლობით, მაშინ სამთავრობო პარტია „რეგიონები“ დომინირებდა, მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავდნენ უკრაინელების თავისუფლებას, ეგრეთწოდებული დრაკონული კანონები. ამან გამოიწვია მთელი უკრაინელი საზოგადოების გადატვირთვა. პარტია „რეგიონები“ სამუდამოდ გაქრა და მასთან ერთად სამარცხვინოდ გაიქცა უკრაინის მაშინდელი მეთაური ვიქტორ იანუკოვიჩი. ასე რომ, ასეთია ჩვენი მიდგომები ამასთან დაკავშირებით". - ჟურნალისტის კითხვას, მისი ხედვით, გადაუხვია თუ არა საქართველომ დასავლურ ვექტორს, ხარიშინმა ასე უპასუხა.
2022 წლის პირველ მარტს უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
იმავე წლის 31 მარტს კი, ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.