ვენესუელა

ვენესუელაში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მსხვილმასშტაბიანი აქცია იმართება

Reuters

ვენესუელაში ოპოზიციის მხარდამჭერები სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მსხვილმასშტაბიან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ არჩევნები გააყალბა, ხმების საბოლოო ანგარიში კი აჩვენებს, რომ ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო, რომელსაც ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა და აჯანყების ბრალდების გამო მიმალვაში იმყოფებოდა, აქციას შეუერთდა და თქვა, რომ ხალხის ხმაზე ზემოთ არაფერი დგას.

„ქუჩებიდან არ წამოვალთ“. - თქვა მაჩადომ დემონსტრანტებთან მიმართვისას.

საპასუხოდ, მადურომ კონტრაქციები გამოაცხადა, რომელზეც პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ გონსალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.

ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი აღიარა.

"აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალესმა ვენესუელას 28 ივლისის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა". - თქვა აშშ- სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს არც ევროკავშირი აღიარებს.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ  4 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიების შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

კომენტარები