არჩევნები 2024

კოალიცია ცვლილებებისთვის: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - ივანიშვილი არჩევნებს წააგებს

კოალიცია ცვლილებებისთვის ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ "ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს" და ეს გარემოება "ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ვერ შეიცვლება".

"დღეს, სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას.

რაც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში. ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია - 26 ოქტომბერს ქართული ოცნება დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას.

განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-დან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის.

ქართული ოცნება არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტრომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში" - ნათქვამია განცხადებაში.

სამტრედიაში კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა) ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.

კომენტარები