2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს – ზურაბიშვილი შაჰინთან და ტერნერთან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რეფერენდუმის მნიშვნელობას ატარებს. ზურაბიშვილმა ამომრჩევლების მობილიზების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და შაჰინსა და ტერნერს ასევე გააცნო ქართული ქარტია, რომლითაც, მისი თქმით, ევროპული რეკომენდაციების შესრულება მოკლე ვადაში შეიძლება მოხერხდეს.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია.

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის  რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს". - წერია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრის დროს პრეზიდენტმა და სენატორებმა ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და გადადგმულ ნაბიჯები, ოქტომბრის არჩევნები, ქართული ქარტია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შაჰინმა და ტერნერმა თქვეს, რომ საოკუპაციო ხაზის ვიზიტს აპირებენ.

გარდა ამისა, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა აღნიშნეს, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ურყევად უჭერს მხარს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა დადებითად შეფასეს და აღნიშნეს, რომ ახლანდელი ვიზიტი განსაკუთრებულია.

"სწორედ იმის საჩვენებლად და დასადასტურებლად ჩამოვიდნენ, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე". - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

შაჰინმა და ტერნერმა ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, გააკრიტიკეს და ანტიდასავლური რიტორიკის გამძლავრებას გაუსვეს ხაზი.

ზურაბიშვილმა, შაჰინმა და ტერნერმა MEGOBARI აქტიც განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის მის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. პრეზიდენტის გარდა, ისინი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

კომენტარები