მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობისთვის "ზომიერი საპასუხო რეაქცია" სთხოვა და მოუწოდა, რომ არ დაესხას თავს ისრაელის მოქალაქეებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ორმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა.
წყაროებზე დაყრდნობით, პუტინის შეტყობინება ხამენეის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გადასცა.
კრემლს ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შოიგუ თეირანში გუშინ, 5 აგვისტოს ჩავიდა და ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ალი აკბარ აჰმადიანს, გენშტაბის მეთაურ მუჰამედ ბაღერისა და ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა მოსკოვს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დახმარება სთხოვა და მეტიც, 2 ირანელი მაღალჩინოსნის ცნობით, მოსკოვმა უკვე დაიწყო თანამედროვე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ირანისთვის.
ამასთანავე, გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, თეირანმა მოსკოვს რუსული წარმოების Sukhoi Su-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები სთხოვა.
მოვლენების პარალელურად, ირანი ისრაელზე იერიშისთვის ემზადება.
ისრაელზე თავდასხმა მოსალოდნელია როგორც ირანის, ისე რეგიონში არსებული მისი მარიონეტული ძალების მხრიდან. საფრთხეს წარმოადგენს შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. გასულ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაცია მძაფრად მზარდი იყო. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან.





