დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, მოსკოვმა მიწოდება დაიწყო

სერგეი შოიგუს ვიზიტი ირანში, 2024 წლის 5 აგვისტო.
IRNA

ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ ირანული მედიის ცნობით, თეირანმა მოსკოვს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დახმარება სთხოვა.

გამოცემამ ინფორმაცია საკუთარი წყაროების მეშვეობითაც გადაამოწმა. მათ ორმა ანონიმურმა ირანელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომ ირანმა რუსეთს მსგავსი თხოვნით მიმართა და მეტიც, თქვეს, რომ მოსკოვმა უკვე დაიწყო თანამედროვე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. 

5 აგვისტოს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ირანს ეწვია. , შოიგუ თეირანში ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ალი აკბარ აჰმადიანს, გენშტაბის მეთაურ მუჰამედ ბაღერისა და ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. 

სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომში ირანი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რადგან თეირანი მოსკოვს საკუთარი წარმოების დრონებს აწვდიდა. ირანული შაჰედის ტიპის დრონების წარმოება ზიანის მიყენების შესაძლებლობასთან შედარებით იაფი ჯდება. მათი წარმოება რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზეც დაიწყო. 


მოვლენების პარალელურად, ირანი ისრაელზე იერიშისთვის ემზადება. 

ისრაელზე თავდასხმა მოსალოდნელია როგორც ირანის, ისე რეგიონში არსებული მისი მარიონეტული ძალების მხრიდან. საფრთხეს წარმოადგენს შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. გასულ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაცია მძაფრად მზარდი იყო. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. 

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.

ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან. 

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.

 
 

კომენტარები