ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ირანს ეწვია.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, შოიგუ თეირანში ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ალი აკბარ აჰმადიანს, გენშტაბის მეთაურ მუჰამედ ბაღერისა და ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდება.
როგორც რუსული მედია წერს, მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის "ფართო სპექტრს" უსაფრთხოების სფეროთი დაწყებული და სავაჭრო-ეკონომიკური პროექტებით დამთავრებული. ისაუბრებენ გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზეც.
ალი აჰმადიანმა შოიგუ ირანში მაისის ბოლოს დაპატიჟა.
პარალელურად, ირანი რეგიონის მარიონეტულ ძალებთან ერთად ისრაელზე იერიშისთვის ემზადება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანმა დეესკალაციაზე უარი თქვა. როგორც The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, 4 აგვისტოს ირანმა არაბ დიპლომატებს შეატყობინა, რომ არ აღელვებთ, თუ ისრაელისადმი გაცემული პასუხი ომს გამოიწვევს.
ისრაელზე თავდასხმა მოსალოდნელია როგორც ირანის, ისე რეგიონში არსებული მისი მარიონეტული ძალების მხრიდან. საფრთხეს წარმოადგენს შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. გასულ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაცია მძაფრად მზარდი იყო. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





