ბრიტანული გამოცემა, The Guardian-ის ცნობით, ბანგლადეშის პრემიერმინისტრი, შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა.
ამის შესახებ განცხადება ბანგლადეშის არმიის მეთაურმა, ვაკერ ზამანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ანტი-სამთავრობო აქციის დემონსტრანტებმა დაკაში მდებარე პრემიემინისტრის რეზიდენცია დაიკავეს.
ბრიფინგზე ზამანმა განაცხადა, რომ ის კონტროლს აიღებს "ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს" და ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას.
შეიხ ჰასინა ბანგლადეშის პრემიერმინისტრის პოზიციას 2009 წლიდან იკავებდა.
აქამდე, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტური მოძრაობის ლიდერებმა ბანგლადეშის პრემიერმინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომა და სამთავრობო სამსახურებში კვოტური სისტემის გაუქმება მოითხოვეს.
გამოცემა Al Jazeera-ს თქმით, დემონსტრანტებისა და პოლიციის მასობრივი შეტაკება სირაჯგანჯის რაიონში, ენიაეტპურის პოლიციის განყოფილებასთან მოხდა.
ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის სამოქალაქო შეტაკებას 280-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ბანგლადეშის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე და სატელეფონო კომუნიკაციაზე წვდომას ზღუდავს.





