დიდხანს შეიძლება, ისაუბრო ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თქვენ მიერ გაწეული ღვაწლის შესახებ. ღვთისგან მომადლებული მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, არ არსებობს საეკლესიო სფერო, რომელთა განვითარებაშიც თქვენ განსაკუთრებული წვლილი არ მიგიძღოდეთ.
თქვენი სიბრძნე, სიმშვიდე, დიდი სიყვარული და მიმტევებლობა ნებისმიერი აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანს უთბობს გულს. სწორედ ამ თქვენმა თვისებებმა არაერთხელ გადაარჩინა საქართველო მძიმე განსაცდელს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდია თქვენი წვლილი ქართული ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საქმეში. ჩვენ არაერთგზის ვიხილეთ, თუ როგორ შეძლო ეკლესიამ თქვენი წინამძღოლობით, ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ფუნქციის შესრულება. რა გვაძლევს ძალასა და შემართებას, გადავიტანოთ და დავძლიოთ ამ ეპოქის ყველა სირთულე და გამოწვევა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უფლის მადლია, და ამასთან – თავგანწირული, მამობრივი სიყვარული, სიბრძნე და სულიერება თქვენნაირი წინამძღოლისა.
როგორც წარსულში, დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევის მცდელობისას თქვენი სიტყვები გვახსენდება: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ… ორი ძალა – სულიერი და ეროვნული – გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც…“ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი წინამძღოლობით და წმინდა ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, ეს გამოწვევებიც დაიძლევა და უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება.





