აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისგან საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაციის მისაღებად საკმარისი რაოდენობის ხმები მიიღო. შესაბამისი განცხადება აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა გაავრცელა.
ნომინაციის ფორმალურ მიღებას თავად კამალა ჰარისიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობა.
ამასთან, ჰარისის თქმით, დღეს აშშ-ს მოქალაქეებს არჩევანი აქვთ ორ ხედვას შორის, "ერთი ორიენტირებულია მომავალზე, მეორე კი წარსულზე".
აშშ-ს დემოკრატიული პარტიის დელეგატებმა ნომინაციისთვის კენჭისყრა 1-ელ აგვისტოს დაიწყეს, პროცესი კი 5 აგვისტომდე გაგრძელდება. ჰარისი ოფიციალურად ნომინაციას მომავალ კვირაში მიიღებს.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
მოგვიანებით, 26 ივლისს, ჰარისს მხარდაჭერა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამაც გამოუცხადეს.





