საქართველო-ირანი

ლომჯარიას აქვს დავალებული თემის აწევა – კობახიძე ჰანიასთან ერთად ინაუგურაციაზე დასწრებაზე

"პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა" - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მის ვიზიტს ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელსაც ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა. 

"მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჟოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, გარდა ამისა, რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი" - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ მისი და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიას ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვას "სამარცხვინო სპეკულაციები" უწოდა. 

"რაც შეეხება ამ თემას, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა, პირადად მას დაავალეს. მე მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან, მაგალითად, სომხეთშიც. მაგრამ სომეხ ლომჯარიებს სომხეთში ეს თემა არ აუწევიათ. რადგან სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიას" - თქვა კობახიძემ. 

30 ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

ამის ამსახველი სურათი თავდაპირველად პრემიერმინისტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა, აღნიშნული სურათი მალევე წაშალეს. 

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასისა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისის დილას ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს.

ჰანიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

კომენტარები