დღეს, 30 ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
ინაუგურაციის პროცესზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის შენობაში, რომელშიც კობახიძეც იმყოფებოდა, ისმის შეძახილები "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს".
ამას გარდა, ცნობილია, რომ ინაუგურაციას ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა.
6 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩევლების 34.42%-მა, ანუ 30.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ფეზეშქიანმა ხმების 53% მოიპოვა, ხოლო მისმა კონსერვატორმა კონკურენტმა, საიდ ჯალილმა, რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრი ანტი-დასავლური პოზიციით, ხმების 44.3% მოიპოვა.
ცნობისთვის, 22 მაისს ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. იბრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 20 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.