ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ 11 თებერვალს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღის, იგივე ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავის აღნიშვნაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა.
ირანის ელჩის თქმით, დარსალიამ აღნიშნა, რომ ეს თარიღი წარმოადგენს “ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლოს.”
როგორც ალი მოჯანი წერს, დარსალიამ “ორ ერს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ ახლო ურთიერთობებზე მიუთითა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხალხთაშორისი კავშირები წარმოადგენს ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის ძირითად საფუძველსა და საყრდენს.”
ელჩის თქმით, დარსალიამ ირანს “მტკიცე მხარდაჭერისთვის” მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირანი იყო “ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ნაბიჯი, რომელიც თბილისის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩა.”
ირანის ელჩის თქმით, დარსალიამ მას პოსტზე დანიშვნა მიულოცა და “ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, გააგრძელოს პოზიტიური რეგიონული თანამშრომლობა,” რის შემდეგაც მან ირანის ხალხს “მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა” უსურვა.
ირანის ელჩი ასევე გამოეხმაურა 11 თებერვლის ღამეს თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას.
“ირანსა და საქართველოს შორის ისტორიული ურთიერთობების საფუძველზე და ორ ერს შორის არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობების გათვალისწინებით, წელს თბილისის სატელევიზიო კოშკი [ისლამური რევოლუციის წლისთავთან] დაკავშირებით ირანის დროშის ფერებში განათდა; ეს არის ნათელი სიმბოლო იმისა, რომ თანამედროვე ირანისადმი პატივისცემა აღიარებულია ოფიციალურ და საერთაშორისო დონეზე და არა საინფორმაციო ქსელების ყალბ რეპორტაჟებში” - წერს სეიედ ალი მოჯანი პლატფორმა X-ზე.
როგორც ტაბულას თბილისის მერიაში განუცხადეს, დროშა ირანის დროშის ფერებში ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე განათდა, "რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს".
"როგორც იცით, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში. ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას ასევე გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში.
"მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით.
რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 6 961-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 51 000-ს აღემატება.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.





