საქართველო-ირანი

არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, პრემიერის, ირაკლი კობახიძის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანში ვიზიტი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავს და "არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის".

"ალბათ, იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირების, იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი და ა.შ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ა.შ.

[...] არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის, არ ვიცი საიდან ასკვნით ამას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ ურთიერთობას, ისე, რა თქმა უნდა, გამოხატვას ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას იმ პროცესების მიმართ, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს იგივე ინაუგურაციის სახით.

[...] ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება თუ როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში. [...] საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით". - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 22 მაისს ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. იბრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 20 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ

2024 წლის 21 თებერვალს მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა რუსეთს 400-მდე ბალისტიკური რაკეტა გადასცა. ამის შესახებ მედიასთან ექვსმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა.

2022 წლის 14 დეკემბერს დილით, რუსეთი დედაქალაქ კიევს თავს დაესხა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს შაჰედის 13 დრონი, რაც, მისი თქმით, რუსეთის მიერ დილით გაშვებული დრონების რაოდენობის ტოლია.

"საჰაერო თავდაცვის სისტემა კარგად მუშაობს. ახლა მნიშვნელოვანია თავშესაფრებში და უსაფრთხო ადგილებში ყოფნა. რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ თავდასხმებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვძლიერდებით."- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

დრონები, რომლებიც 14 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, ირანის მიერ იყო მიწოდებული. უკრაინამ ირანი დაადანაშაულა რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების მიწოდებაში, რაც თეირანმა თავდაპირველად უარყო.

მოგვიანებით ირანმა აღიარა, რომ ომამდე "ბევრი თვით ადრე" მოსკოვს დრონების შეზღუდული რაოდენობა გაუგზავნა.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სიცრუეა და ომის მიმდინარეობისას ირანული დრონები რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელად ბევრჯერ გამოიყენა.

კომენტარები