პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.
კობახიძე თეირანში ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად უკვე გაემგზავრა.
6 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩევლების 34.42%-მა, ანუ 30.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ფეზეშქიანმა ხმების 53% მოიპოვა, ხოლო მისმა კონსერვატორმა კონკურენტმა, საიდ ჯალილმა, რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრი ანტი-დასავლური პოზიციით, ხმების 44.3% მოიპოვა.
ცნობისთვის, 22 მაისს ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. იბრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 20 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.