ირანი

ირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა, იგი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

ფოტო: რადიოთავისუფლება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას წინასწარ არ გაუვრცელებია. მათ მედიებთან, მათ შორის ტაბულასთან ინფორმაცია 22 მაისს, 17:18 საათზე გამოგზავნეს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ირანში უკვე გაემგზავრნენ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან." - წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას ესწრებიან ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერები, ასევე რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი.

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

 

კომენტარები