არჩევნები 2024

აინტერესებთ, უკრაინაში ჩემი მეგობრები ვინ იყვნენ - ომის ვეტერანი სუს-მა გამოკითხა

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, უკრაინაში მებრძოლი და ფოთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა რუხაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, რუხაიამ ისაუბრა, თუ რა კითხვები ჰქონდათ მასთან გამომძიებლებს.

"პირადად მე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს. ამ გადატრიალების მუხლებზე, თავი მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია, სუს-ი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მიბარებს [...] ვიღაცებს იცნობ თუ არაო და ზოგს ინტერნეტით ვიცნობ [...] [ზურაბ ადეიშვილს] იცნობ თუ არაო. ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო [...] ასევე, მკითხეს, ვინც გამოკითხვაზე დაიბარეს, მათ ვიცნობდი თუ არა. ერთ-ერთი ჩემი მეგობარია, ლაშა ჭიღლაძე. სხვებს, რამდენიმეს არ ვიცნობ [...] აინტერესებთ, უკრაინაში ჩემი მეგობრები ვინ იყვნენ [...] ასევე, ბატონ მიხეილ ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა. კი, წლებია, ვმეგობრობ". - უთხრა ჟურნალისტებს რუხაიამ.

დღეს, 25 ივლისს, ამავე საქმეზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, კონსტანტინე ჯღამაიაც გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა". - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

კომენტარები