დიდი ბრიტანეთი

"მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ" – სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

AP Photo/Thomas Krych

არჩევნებში მარცხის შემდეგ რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ის აღარც კონსერვატიული პარტიის ლიდერი იქნება.

"რთული დღეა, თუმცა ამ სამუშაოს ვტოვებ პატივით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიყავი." – თქვა სუნაკმა დაუნინგ სთრითზე გამოსვლის დროს.

სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ ის დატოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციასაც მას შემდეგ, რაც ახალი ლიდერი შეირჩევა. 

კონსერვატორთა მნიშვნელოვანი მარცხის შემდეგ სუნაკმა ქვეყანას ბოდიში მოუხადა.

"ამ მარცხის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ." - თქვა სუნაკმა.

ბუკინგემის სასახლეში სუნაკის მიერ თანამდებობის დატოვება უკვე ოფიციალურად დაადასტურეს. მის პოზიციას სულ მალე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი დაიკავებს.

კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში, რომელშიც 650 ადგილია, 250-მდე მანდატი დაკარგა, მაშინ, როცა ლეიბორისტებმა 410-ზე მეტი ადგილი მოიპოვეს.

ვადამდელი არჩევნების 4 ივლისს ჩატარების შესახებ სუნაკმა 22 მაისს გამოაცხადა. ის რეზიდენციის ეზოში სიტყვით გამოსასვლელად წვიმაში გავიდა მაშინ, როცა მიმდებარე ტერიტორიიდან ლეიბორისტული პარტიის ჰიმნი ისმოდა და მის ხმას ნაწილობრივ ფარავდა. 

მაშინ სუნაკმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთში ყველაზე მძიმე პერიოდია და საკითხავი ის იყო, თუ ვის ენდობოდა მოსახლეობა. არჩევნები ბრიტანეთში რამდენიმე თვეში უნდა ჩატარებულიყო. სუნაკს შეეძლო, რომ 2025 წლის იანვრამდე არჩევნები ნებისმიერ დღეს დაენიშნა.

 

კომენტარები