დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება

რიში სუნაკი 22 მაისის განცხადების დროს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება.

რიში სუნაკმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წელი ქვეყნის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი პერიოდი იყო. მისი თქმით, ქვეყანამ მრავალი გამოწვევა გადალახა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შედეგად ბრიტანელობა ეამაყება. სუნაკმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კოვიდპანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი რიში სუნაკის თქმით, ახლა საკითხავი ისაა, თუ ვის ენდობა მოსახლეობა. დანიშნულ არჩევნებში ლეიბორისტულ პარტიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

როგორც პრემიერმინისტრმა განცხადების გაკეთების დროს აღნიშნა, მან მეფე ჩარლზს სთხოვა, რომ 30 მაისს პარლამენტი დაეშალათ, რაც დაკმაყოფილდა.

სუნაკის შემდეგ განცხადება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კეირ სტარმერმაც. მისი ტქმით, საზოგადოებისა და ქვეყნის ცვლილების დრო მოვიდა და საარჩევნო კამპანიას უწოდებს შესაძლებლობას უკეთესი მომავლისთვის. სტარმერის თქმით, ქვეყანა ამჟამინდელი მთავრობის მმართველობის პირობებში დაუცველია.

არჩევნები ბრიტანეთში რამდენიმე თვეში უნდა ჩატარებულიყო. სუნაკს შეეძლო, რომ 2025 წლის იანვრამდე არჩევნები ნებისმიერ დღეს დაენიშნა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სუნაკი ამბობდა, რომ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები, რომ ეკონომიკა უმჯობესდება. მან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის არგუმენტად შეიძლება თქვას, რომ საკუთარი პრიორიტეტების გადასანაწილებლად მანდატი სჭირდება. თუმცა, ოპოზიციაში საწინააღმდეგოდ იტყვიან, რომ ახლა ეკონომიკა ფერხდება და შემოდგომაზე კონსერვატიული პარტიისთვის არასახარბიელო მდგომარეობა შეიქმნება.

საარჩევნო კამპანია დაახლოებით ექვსი კვირაგაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში პარლამენტარების სტატუსი საპარლამენტო კანდიდატების სტატუსად შეიცვლება.

კომენტარები