ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ომში ისრაელის მიზნებზე ჰაგარის კონტროვერსიული განცხადება IDF-მა განმარტა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, იდეა, რომ ჰამასის გაქრობა შესაძლებელია ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და ისრაელის მიზანი, გაანადგუროს ჰამასი ამჟამად მიუწვდომელია. მოგვიანებით ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა. 

"ჰამასი იდეაა, პარტიაა, ადამიანების გულებშია ფესვგამდგარი, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ჰამასის განადგურება შეგვიძლია, ცდება" - თქვა დანიელ ჰაგარიმ. 

ჰაგარის ეს სიტყვები ხაზს უსვამს შიდა უთაანხმოებას მასსა და პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს შორის. ჰაგარის თქმით, თუ ისრაელის მთავრობა რაიმე ტიპის ალტერნატიულ გეგმას არ შეიმუშავებს, მაშინ ჰამასი განაგრძობს არსებობას. 

დანიელ ჰაგარის ამ გამოსვლის საპასუხოდ, ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ჰამასის სამხედრო და პოლიტიკური მართვის შესაძლებლობების განადგურება აქვს დასახული. 

დანიელ ჰაგარმა მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული მიზნების ერთგულია და ჰაგარი წინა განცხადებაში ჰამასის, როგორც იდეოლოგიის და იდეის განადგურებაზე საუბრობდა. 

IDF-ის პრესსპიკერმა წინა თვეშიც თქვა, რომ ისრაელის ძალების იმ ადგილებში დაბრუნების საჭიროება, რაც უკვე ჰამასისგან გაწმინდეს, იმიტომ დგება, რომ მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ღაზა ჰამასის შემდეგ. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ასევე მოუწოდა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ განავითაროს ომის შემდგომი ღაზის მოწყობის და განვითარების გეგმა. 

კომენტარები