GWP

GWP: მეწყერული მასა ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას, რის გამოც, რთულდება მუშაობა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) წიწამურთან მდებარე დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

GWP-ის მიხედვით, დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მეწყერულ ზონაში, რაც ართულებს როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა. ამის მიუხედავად, მიმდინარეობს ალტერნატიული ქსელის მოწყობა.

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა.

ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა.

მეწყერული მასა ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას, შესაბამისად, რთულდება მუშაობა

ჯივიპის თანამშრომლები დაზიანების დაფქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, მიუხედავად ურთულესი და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.

 დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დავიწყეთ გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით" – წერია განცხადებაში.

კომენტარები