GWP

GWP: წიწამურთან ინციდენტის გამო შეზღუდული წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღდგება

GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგება. 

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია

მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით

ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა" - წერია GWP-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გასულ ღამეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 2 დღეში უნდა დასრულდეს.

16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რის გამოც უკვე მეოთხე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ათობით ათას აბონენტს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, "მესამე პირების" ჩარევის შედეგად დაზიანდა. 

"ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა". - წერია ჯივიპის განცხადებაში.

კომენტარები