ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა" - წერია კომპანიის განცხადებაში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებოდა.
16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე დღე, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდებოდა ათობით ათას აბონენტს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, "მესამე პირების" ჩარევის შედეგად დაზიანდა.





