GWP

GWP: წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 4 დღეში დასრულდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულება, სავარაუდოდ, 4 დღეში მოხდება.

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან  24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის  საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია და მუდმივად საჭიროებს დამატებით უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

ქსელის დიაგონისტირების დასრულებისა და შესაბამისი დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე დაიწყება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი". - ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.

16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რის გამოც უკვე მეოთხე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ათობით ათას აბონენტს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, "მესამე პირების" ჩარევის შედეგად დაზიანდა. 

"ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა". - წერია ჯივიპის განცხადებაში

კომენტარები