GWP

GWP: წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი

GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 2 დღეში უნდა დასრულდეს.

"მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს". - წერს GWP.

16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რის გამოც უკვე მეოთხე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ათობით ათას აბონენტს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, "მესამე პირების" ჩარევის შედეგად დაზიანდა. 

"ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა". - წერია ჯივიპის განცხადებაში.

კომენტარები