ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ჰეზბოლას მხრიდან გაზრდილ აგრესიას უფრო ფართო ესკალაციამდე მივყავართ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ დღეს, 16 ივნისს, განაცხადა, რომ ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის მიმართულებით გახშირებულმა თავდასხმებმა შესაძლოა სერიოზული ესკალაცია გამოიწვიოს.

"ჰეზბოლას მზარდ აგრესიას შესაძლო ფართო ესკალაციამდე მივყავართ - რასაც დამანგრეველი შედეგები ექნება ლიბანისა და მთლიანი რეგიონისთვის... ისრაელს აქვს მოვალეობა, ისრაელის მოსახლეობა დაიცვას. ჩვენ ამ მოვალეობას შევასრულებთ". - განაცხადა ჰაგარიმ.

12 ივნისს ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე. მომდევნო დღეს ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით დამატებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელმა წარმატებით გაანეიტრალა.

მანამდე, 11 ივნისს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას წევრების, მათ შორის ერთ-ერთი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰერმელის ოლქი ლიბან-ისრაელის საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს და ეს ამ დრომდე ლიბანის ტერიტორიაზე ყველაზე შორს განხორციელებული შეტევაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას 12 ივნისის თავდასხმა სწორედ ისრაელის იერიშზე საპასუხო შეტევა იყო.

კომენტარები