ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაისროლა

REUTERS/Gil Eliyahu

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 13 ივნისს, ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა ისროლა.

ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (KAN) გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს ისრაელის ქალაქების თავზე გასროლილი რაკეტები, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. სამიზნე ობიექტებს შორის იყო ქალაქი საფადი, რომელიც  საზღვრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

ისრაელის სასწრაფო დახმარების ეროვნული სამსახურის ცნობით, იარაღის ნამსხვრევებისგან ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო ღია ადგილებში ჩამოგდებულმა რაკეტებმა კი ტყეში ხანძარი გააჩინა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გაშვებული რაკეტების უმეტესობა წარმატებით უვნებელყვეს. ამასთან ერთად, დაფიქსირდა და განეიტრალდა რამდენიმე საეჭვო საჰაერო სამიზნე, სავარაუდოდ, სამხედრო დრონები.


11 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას წევრების, მათ შორის ერთ-ერთი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰერმელის ოლქი ლიბან-ისრაელის საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს და ეს ამ დრომდე ლიბანის ტერიტორიაზე ყველაზე შორს განხორციელებული შეტევაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას 12 ივნისის თავდასხმა სწორედ ისრაელის იერიშის საპასუხო შეტევაა.

კომენტარები