ოკუპირებული აფხაზეთი

რას ითხოვს ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პატრიარქისგან?

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ბესარიონ აპლია
ng.ru

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ბესარიონ აპლია მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს სთხოვს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მისი "ოფომორის ქვეშ" მიიღოს და არა საქართველოს, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაში შეიყვანოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Независимая газета წერს.

გარდა ამისა, აპლიას მოთხოვნებში ოკუპირებული აფხაზეთისთვის ეპისკოპოსის ხელდასხმა და მოსკოვში აფხაზი დიასპორისთვის ტაძრის გამოყოფა შედის.

როგორც აპლიამ გამოცემას უთხრა, კირილს თავისი მოთხოვნების შესახებ წერილი გაუგზავნა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

1943 წლიდან აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს, რასაც, სეპარატისტი  სასულიერო პირების უკმაყოფილების მიუხედავად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც აღიარებს.

აპლიას ჩამოყალიბებული ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არაკანონიკურ საეკლესიო სტრუქტურად მიიჩნევა.

ბესარიონ აპლიას თქმით, პატრიარქ კირილს ბოლოს მაისში შეხვდა და თავისი მოთხოვნები გააცნო, მაგრამ მან ბუნდოვანი პასუხი გასცა და აფხაზთა შორის აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითა.

"შეხვედრისას პატრიარქმა მითხრა: ჯერ თქვენს შორის გადაწყვიტეთ, თორემ ზოგ თქვენგანს კონსტანტინოპოლში, ზოგს კიდევ საქართველოში უნდა. გადაწყვიტეთ უკვე ეს საკითხი თქვენს შორის, საით გინდათო". - თქვა აპლიამ.

პატრიარქმა, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში ორი პარალელური, არაღიარებული საეკლესიო სტრუქტურის არსებობაზე მიუთითა - ე.წ. აფხაზეთის ეკლესიაზე, რომლის ცენტრიც სოხუმის საკათედრო ტაძარშია და ე.წ. აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლოზე, რომლის ცენტრიც ახალი ათონის მონასტერშია.

ე.წ. აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლოს წინამძღვარი არის ე.წ. არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 2023 წლიდან განკვეთილად მიიჩნევს, ხოლო ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მისი უხუცესი მღვდელი, ბესარიონ აპლია წარმოადგენს.

აპლიას მტკიცებით, 1943 წელს აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში "არაკანონიკური გზით" შევიდა.

"ჩვენ არ ვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ ვართ რუსეთის ეკლესიის ნაწილი, როგორც ეს პატრიარქმა ტიხონმა 1917-1918 წლების კრებაზე გადაწყვიტა. 1943 წლის გადაწყვეტილება ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე არ არის სჯულდებითი, არ აქვს კანონიკური ძალა". - თქვა აპლიამ.

ამის დასასაბუთებლად მღვდელმსახური ქალკედონის კრების მე-17 და ტრულის კრების 25-ე კანონებს იშველიებს, რომლებიდანაც, მისი მტკიცებით, გამომდინარეობს, რომ 30 წლის განმავლობაში არგამოჩენის შემთხვევაში, ეპისკოპოსის ეპარქია სხვის ხელში შეიძლება გადავიდეს.

ბესარიონ აპლიას აზრით, კანონიკური სისწორე მის მხარესაა, თუმცა თავისი გეგმების შესრულებაში ხელს უშლიან.

"კანონიკურად - სწორ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მოსკოვში ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს, მრავალი გავლენიანი ქართველია". - თქვა აპლიამ.

სამართლის სპეციალისტი, ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი, წმინდა ტიხონის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დეკანოზი დმიტრი პაშკოვი კი Независимая газета-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "მითითება კანონებსა და 30-წლიან პერიოდზე, რომლის შემდეგაც აფხაზეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობა "ავტომატურად" უნდა მიიღოს, უსაფუძვლოა".

"აფხაზმა სამღვდელოებამ უფრო დამაჯერებელ არგუმენტებზე უნდა იფიქროს". - თქვა პაშკოვმა.

ე.წ. აფხაზეთის სამიტროპოლოს წინამძღვარი დოროთე (დბარი), ბესარიონ აპლიასგან განსხვავებით, ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის საკითხის კანონიკურად გადაჭრის შესაძლებლობას ეჭვით უყურებს და მიიჩნევს, რომ რუსეთისა და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობები უნდა მოწესრიგდეს.

"რეალური დარეგულირება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მეზობელ მართლმადიდებელ ეკლესიებს, კერძოდ  რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლს შორის, ურთიერთობები მოწესრიგდება. მაშინ გამოჩნდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „იძულების“ შესაძლებლობა, გადაწყვიტოს აფხაზეთის საეკლესიო საკითხი. მანამდე არაფერი მოხდება. აფხაზეთის საკითხზე რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების შედეგიანი მოლაპარაკებების არ მწამს. ქართული ეკლესია აფხაზეთთან მიმართებით დღეს არანაირი კომპრომისებისთვის არ არის მზად". - თქვა დოროთემ.

Независимая газета ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ანონიმურ წევრზე დაყრდნობით წერს, რომ აპლიამ კირილთან შეხვედრა ე.წ. პრეზიდენტთან და ე.წ. პარლამენტის სპიკერთან, ლაშა აშუბასთან სცადა, მაგრამ როცა მარიონეტებმა საპატრიარქოს მოთხოვნები დაუკონკრეტეს, შეხვედრა გაუქმდა.

"როცა მამა ბესარიონი პატრიარქ კირილს ბოლოს პირისპირ შეხვდა, ის დაპირდა, რომ საეკლესიო საკითხის მოგვარებაში დაეხმარებოდა, მაგრამ თქვა, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობამ უნდა მიმართოს. პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და მამა ბესარიონი მოსკოვში წასვლას აპირებდნენ და პატრიარქთან აუდიენცია ჰქონდათ დანიშნული. ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ. რამდენიმე დღეში მათ საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ, რათა შეხვედრის უწყება დაეზუსტებინათ. თქვეს, რომ სამი პუნქტი აქვთ: აფხაზეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსის განსაზღვრა, აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასხმა და მოსკოვში აფხაზი დიასპორისთვის ტაძრის გამოყოფა. შემდეგ დღეს შეხვედრა გაუქმდა". - თქვა ანონიმურმა წყარომ.

ანონიმურმა წყარომ დაამატა, რომ ამ მოლაპარაკებების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პატრიარქისთვის წერილის გაგზავნის გარდა აპლიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მომსახურე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები დაიბარა, რომლებიც მას, როგორც ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარეს, ემორჩილებოდნენ და მოსთხოვა, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ და ე.წ. აფხაზეთის ეკლესიაში გაგზავნის სიგელი წამოეღოთ.

"ბესარიონმა შეკრიბა ყველა თავისი მღვდელი და მოსთხოვა, რომ თავთავიანთ ეპარქიებში წასულიყვნენ - იქ, სადაც თავდაპირველად ხელდასხმა მიიღეს - და ადგილობრივი მღვდელმთავრებისგან აფხაზეთის ეკლესიაში გაგზავნის სიგელი გამოეთხოვათ. მათ უპასუხეს: როგორ წავიდეთ? დიდი ხანია, იქ არ ვყოფილვართ, იქ ჩვენი პირადი საქმეც კი არ არის. არავინ არ გვიცნობს. ან როგორ შეუძლიათ, აფხაზეთის ეკლესიაში გაგვაგზავნონ, თუ ასეთი ეკლესია არც არსებობსო? ამბობდნენ: ან რა მოხდება, თუ შეგვაკავებენ და სხვაგან გაგვიშვებენო? ბესარიონს კი უთქვამს: მაშინ, კარგად იყავითო". - თქვა ანონიმურმა წყარომ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, აპლია ტყუილად იმედოვნებს, რომ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოში შესვლასთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიას ამგვარად აზრს შეუცვლის. მისი აზრით, დოროთე უფრო რეალისტია.

"დოროთეს, რამდენადაც ვიცი, უკვე ესმის, რომ კონსტანტინოპოლისგან არანაირ დამოუკიდებლობას არ მიიღებს. ბესარიონს კი ჯერ ისევ სწამს, რომ რუსეთი თავის პოზიციას გადახედავს". - თქვა შამბამ.

შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებულ საეკლესიო ჯგუფებს შორის განხეთქილების მიზეზი უმთავრესად პიროვნულია და აპლიასა და მის პროტეჟეს, დოროთეს შორის უკომპრომისო დაპირისპირებით არის განპირობებული.

"რომ არა დოროთე და ბესარიონი, ვფიქრობ, ამ სქიზმის პრობლემა სწრაფად გადაიჭრებოდა. ჩემი გადმოსახედიდან, ყველაფერი ხასიათის გამოა. დოროთეც და ბესარიონიც თავიანთ პოზიციებს ჯიუტად მიჰყვებიან. იმდენად, რომ პოზიცია უკვე ყელში ამოდის. წლების განმავლობაში მათი ამ ბრძოლის შემდეგ მკვდარ წერტილში გავიჭედეთ, რომლიდანაც ვერ ვიძვრებით. შერიგების შანსი ჰქონდათ და მე ამ თვალსაზრისით გარკვეული ძალისხმევა გავწიე, შევეცადე მოლაპარაკებები მეწარმოებინა, რომ რაიმენაირი კომპრომისი ყოფილიყო, მაგრამ ვერ გამოვიდა". - თქვა შამბამ.

შამბა მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დბარისა და აპლიას გარდა მესამე მოწინავე საეკლესიო პირი უნდა გამოჩნდეს, რომელიც უფრო მეტად დიპლომატიურად იმოქმედებს და კომპრომისზე წასასვლელად მზად იქნება.

ამასთან, ახალი ათონის მონასტრის ე.წ. წინამძღვარი, დავით სარსანია მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ეკლესია აუცილებელი ინსტიტუტია და კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა არსებულ კანონიკურ ავტორიტეტთან, ანუ საქართველოს ეკლესიასთან მოლაპარაკებების წარმოებაა.

"აუცილებელია, რომ აფხაზეთის ეკლესიის არსებობის ილუზიით ცხოვრება შევწყვიტოთ, იქნება ის მამა ბესარიონისა თუ სხვა ვინმეს დაქვემდებარების ქვეშ. დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ იმ ეკლესიასთან, რომელიც ჩვენს ეპარქიაზე კანონიკურ პასუხისმგებლობას ატარებს, ესე იგი საქართველოსთან. რა თმა უნდა, შუამავალი რუსეთის ეკლესია უნდა იყოს, რადგან ჩვენს ვითარებასთან პირდაპირი შეხება აქვს და იმიტომ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ახლა, თუნდაც შესაბამისი კანონიკური კურთხევის გარეშე, თუმცა მაინც აღავლენენ ღვთისმსახურებას და სამწყსო საქმიანობას ასრულებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე". - თქვა სარსანიამ.

კომენტარები