ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო Вкусно - и точка-ს დირექტორის განცხადებით უკმაყოფილოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული სწრაფი კვების ობიექტების ქსელის, Вкусно - и точка-ს (გემრიელია და წერტილი) დირექტორი, ოლეგ პაროევი გააკრიტიკა.

მარიონეტების უწყებაში თვლიან, რომ პაროევმა "თავს უფლება მისცა პოლიტიკური სახის განცხადება გაეკეთებინა" და აღნიშნა, რომ "აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად მიიჩნევა".

"გვსურს ყურადღება მივაქციოთ ბატონი პაროევის უადგილო, ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებას ბიზნესმენისპირიდან, რაც ეხებოდა ამა თუ იმ საერთაშორისო სამართლის კონკრეტული სუბიექტის საერთაშორისო სტატუსს. აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც "გემრიელია და წერტილი" არის დარეგისტრირებული და აწარმოებს საკუთარ საქმიანობას იურიდიული პირის სახით. ზემოაღნიშნული კომპანიის შესაძლო კომერციული და კანონიერი შეზღუდვები, დაკავშირებული უცხო ქვეყნებში საქმიანობის წარმართვასთან, არ წარმოადგენს საფუძველს და გამართლებას რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ გამოთქმული არაკორექტული და უყურადღებო განცხადებისთვის." – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მარიონეტული უწყება პაროევს ურჩევს, რომ მომავალში თავი შეიკავოს "პოლიტიკური განცხადებებისგან აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით".

აქამდე პაროევმა ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი რესტორნების ქსელის გახსნაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ: "ამის მიზეზი რამდენიმეა: ერთი მხრივ, აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე ითვლება საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად, სადაც მუშაობს მაკდონალდსის ფრენჩაიზი და არ გვსურს კონფლიქტის შექმნა".

2022 წლის მარტში, მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მაკდონალდსმა რუსეთში მუშაობა შეაჩერა. მაისში მათ ადგილობრივი ბაზარი დატოვეს, ბრენდი კი ბიზნესმენ ალექსანდრ გოვურს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა რებრენდინგი ჩაატარა და 2022 წლის ივნისიდან მაკდონალდსის ნაცვლად რუსეთში "გემრიელია და წერტილი" გაიხსნა.

კომენტარები