ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა კობახიძეზე: საქართველოსთან კონფედერაციის საკითხის განხილვას არ ვაპირებთ

სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც  "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი". შამბას თქმით, მარიონეტული რეჟიმი კონფედერაციაზე ან რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარს არ აპირებს.

"30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგები ამბავია, ვის აკვირვებს ეს? მათი საგარეოპოლიტიკური დავალება ასეთია და ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არაა. აფხაზეთს აქვს თავისი დავალებები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, სახელმწიფოებრიობის განვითარება და გამყარება." – თქვა შამბამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში.

შამბას თქმით, საქართველოსთან "მრავალი გადაუჭრელი პრობლემა" არსებობს.

"როცა ამის დრო მოვა, მაშინ განვიხილავთ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ასეთ მზაობას, მაგრამ კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას ამ სახელმწიფოსთან არ ვაპირებთ." – თქვა შამბამ.

"საქართველოს ვუსურვებთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ისინი თავიანთი გზით მიდიან, ჩვენ ჩვენით." – დაამატა შამბამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წელს საქართველო "აფხაზს და ოს ძმებთან და დებთან ერთად" ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს.

"ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი." – თქვა კობახიძემ 26 მაისს.

კომენტარები