ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანიას თქმით, რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ

Эхо Кавказа

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-სთან საუბარში თქვა, რომ რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ.

"ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ  ფსოუს გამშვები პუნქტი რუსეთის მხრიდან ზაფხულობით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს." – თქვა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, კარგი იქნებოდა აქ გამავალი ძველი ხიდის ამოქმედება და დაამატა, რომ მისი რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. მარიონეტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის გამშვები პუნქტები საერთოდ გაუქმდება.

"ეს გაამარტივებს სახელმწიფოებს შორის საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობებს. მაგრამ, დროსთან ერთად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივალთ ისეთ ისტორიულ თანამშრომლობამდე, როცა გამშვები პუნქტი არ იარსებებს. საზღვარი იქნება, თუმცა გამშვები პუნქტი დროსთან ერთად არასაჭირო გახდება." – თქვა ბჟანიამ.

ამას გარდა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ გეგმავენ, რომ ფრენები რუსეთის შვიდი ქალაქი მიმართულებით შეასრულონ.

კომენტარები