საფრანგეთი

პარიზის პოლიციამ ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დე გოლის აეროპორტთან რუსეთის მოქალაქე დააკავა

Thibault Camus/Copyright

პარიზის პოლიციამ, პარიზის გარეუბანში შარლ დე გოლის აეროპორტის სიახლოვეს რუსეთის და უკრაინის ორმაგი მოქალაქე დააკავა, რომელის, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმას გეგმავდა.

როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციის ოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ ოპერაცია აეროპორტთან მდებარე სასტუმროს ოთახში ჩაატარა, საიდანაც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო მასალები და იარაღები ამოიღეს. ასევე, დაკავებულის ოთახში პოლიციამ იპოვა რამდენიმე ყალბი პასპორტი და მსუბუქი იარაღი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 26 წლის კაცი უკრაინაში, დონბასის რეგიონშია დაბადებული და მას უკრაინის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ფრანგული მედიის, RTL-ის ცნობით, დაკავებული სავარაუდოდ ბოლო თვეების მანძილზე რუსეთის არმიაში იბრძოდა. გამოძიებაში ჩართულია საფრანგეთის ანტიტერორისტული ბიუროც. 

ბოლო კვირების მანძილზე საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებმა შესაბამის უწყებებს შეატყობინეს, რომ გაზრდილი იყო რუსეთის მხრიდან დივერსიის რისკები. 

კომენტარები