დღეს, 3 ივნისს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიას შეუერთდა.
ორბელიანების სასახლეში ქართული ქარტიის დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქარტიის წყალობით საქართველო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება.
"ვფიქრობ, ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ იქნება დემოკრატიული წესწყობილება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა, რა თქმა უნდა ოლიგარქიული მმართველობაც წარსულს ჩაბარდება და სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება". - თქვა მელიამ.
დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც და ქარტია დაახასიათა ერთიან თანხმობად იმისა, რომ რუსული რეჟიმი "ქვეყნიდან გავისტუმროთ".
"ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, რუსული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს". - თქვა ხაზარაძემ.
ქართულ ქარტიას შეუერთდა ევროპული საქართველოც, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, "მნიშვნელოვანია, დემონსტრირება იმის, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანხმობა იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის".
"ძალიან მნიშვნელოვანი არის განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. მნიშვნელოვანია, დემონსტრირება იმისი, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანხმობა იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის. ამ ქარტიაში ეს არის სწორედ მოცემული". - თქვა ბოკერიამ.
ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს დროა-გირჩი მეტი თავისუფლების წევრებმა, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა, პარტია მოქალაქეების წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა.
ქარტიას ასევე შეუერთდნენ მოძრაობა ხალხისთვის და სახელმწიფო ხალხისთვის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ასევე თაკო ჩარკვიანმა, ბაჩუკი ქარდავამ, კახა ოქრიაშვილმა, პაატა დავითაიამ, ეკა ბესელიამ და ნინო ბურჯანაძემ.
ქარტიას შეუერთდა დეპუტატი თამარ კორძაიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "ქართული ქარტია არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ".
"ქართული ქარტია არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ქარტია ადასტურებს ერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეები წარმოდგენილები ვართ პარლამენტის წევრების სახით, პოლიტიკური პარტიების სახით და რაც მთავარია, საქართველოს პრეზიდენტის სახით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას გაუწიოს ფასილიტაცია და რა თქმა უნდა, ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად. ვინც ამას ხელს ვაწერთ, მზად ვართ, რომ შევათანხმოთ და ისე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი". - თქვა კორძაიამ.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტებიც შეუერთდნენ. ხატია დეკანოიძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ნებისმიერი მოქალაქის შეშფოთებებს დააზღვევს, იმის შესახებ თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ.
"პირველ რიგში ეს არის დაზღვევა პოლიტიკური კონსენსუსის, რადგან საქართველოში ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან გვიჭირს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, მათ შორის, ახლაც კი ოპოზიციაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის გადაზღვევა, ეს არის მნიშვნელოვანი ალტერნატივა, იდეის შეთავაზება მოქალაქეებისთვის თუ რა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ და ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი ადამიანის შეშფოთებები დავაზღვიოთ - ვიღაცას არ მოსწონს კონკრეტული პარტია, ვიღაცას არ მოსწონს დეკანოიძე, ვიღაცას არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა, ვიღაცას არ უნდა სხვა პარტია და ა.შ.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეფორმების მნიშვნელობა აქ არ უნდა გავიგოთ როგორც ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ესეც მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ძალაუფლებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან ევროკავშირის იდეისთვის, რომ რეფორმების გატარების შემდეგ გაგვეხსნას მოლაპარაკებები. ჩემთვის მისაღებია დოკუმენტის ორივე ნაწილი". - თქვა დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.
"გადავწყვიტე, თქვენს წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობასა და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





