პარტია ლელო საქართველოსთვის პრეზიდენტის ქარტიას უერთდება - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"პარტია ლელო საქართველოსთვის უერთდება ამ ქარტიას. ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, რუსული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს.
ამიტომ, პარტია ლელო იქნება ყველგან იქ, სადაც ასეთი ერთობა იქნება და არა ერთიანობა - დიახ, ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია ან რაღაც პოლიტიკური გაერთიანება". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. ამასთანავე, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთო სიას ან რაიმე ფორმის პოლიტიკურ გაერთიანებას არ ითვალისწინებს.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს აწერენ პარტიები: ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, ლელო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. როგორც ცნობილია, ქარტიას არ შეუერთდებიან გირჩი და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.





