არჩევნები 2024

გირჩი - მეტი თავისუფლება ქართულ ქარტიას შეუერთდა

გირჩი - მეტი თავისუფლება ქართულ ქარტიას შეუერთდა - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

"ნებისმიერი ტიპის დოკუმენტთან მიერთება იქნება თუ სხვა ტიპის ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე შესაძლებელია რაღაც საკითხებზე შეთანხმება და რაღაცების ერთად კეთება ცალსახად მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი - თუმცა ეს დოკუმენტი მგონია, რომ ამაზე შორს მიდის.

ამ რეფორმების შესრულების შემდეგ, გაიხსენება მოლაპარაკებები ევროკავშირთან [ანუ, გადავდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს წინ სტატუსის მიღების შემდეგ] დავეწევით მოლდოვას და უკრაინას, ხოლო მოლაპარაკებები შეგვიძლია დავასრულოთ უკვე 5 წელში, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა". - თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. ამასთანავე, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთო სიას ან რაიმე ფორმის პოლიტიკურ გაერთიანებას არ ითვალისწინებს.

სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს აწერენ პარტიები: ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, ლელო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. როგორც ცნობილია, ქარტიას არ შეუერთდებიან გირჩი და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.

კომენტარები