რუსული კანონი

კობახიძე რუსულ კანონზე: იმედია სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკურ გავლენაში არ მოექცევა

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ რუსულ კანონს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეკითხვას, ევროსასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სტრასბურგმა რომ კანონის შეჩერება მოითხოვოს, გაითვალისწინებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მთავრობა, კობახიძემ უპასუხა, რომ მისი აზრით, სტრასბურგში მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და გამოთქვა იმედი, რომ "პოლიტიკური გავლენის ქვეშ" არ მოექცევიან. კობახიძე ასევე ირწმუნება, რომ რუსული კანონი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

"ვიდრე ჩვენ დავაინიციირებდით ამ კანონპროექტს, ჩვენ შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან არის თავიდან ბოლომდე შესატყვისობაში ეს კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება რუსულ კანონს, უნგრეთის კანონს, იქ გადაწყვეტილების მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა და ჩვენ სწორედ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიციირეთ ჩვენი კანონპროექტი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც დავაინიციირეთ. რაც შეეხება შეჩერებას, შეჩერება ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა და თქვენ გახსოვთ, ზეწოლის საფუძველზე, თავის დროზე, რუსთავი 2-თან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენის ქვეშ. იმედია, რომ ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოქცევა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში... მე არ მგონია, რომ ასეთი რამე მოხდეს, გამომდინარე იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის გარშემო." – თქვა კობახიძემ.

არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ გამოტანილი იქნება საწინააღმდეგო განაჩენი, საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.

კომენტარები