ირანი

რა ვიცით პრეზიდენტ რაისის დაღუპვის შესახებ და რა იქნება შემდეგ

Jason DeCrow / AP file

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცეპრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდება. მოხბერიმ პარლამენტის სპიკერთან და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან ერთად 50 დღის ვადაში საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს. წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირანულ მედიას განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილი სრულად დამწვარია და ვერტმფრენის მგზავრებს შორის სიცოცხლის ნიშნები არ ჩანს. მაღალი თანამდებობის სხვა პირებთან ერთად ირანის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვამ მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუ რა იყო კატასტროფის გამომწვევი მიზეზი და რა პირდაპირი შედეგები ექნება მას ირანის და რეგიონის პოლიტიკაზე. 

პირველ რიგში, შემთხვევამ ფართო ასპარეზი მისცა პოლიტიკურ თამაშებში ახლართულ თეორიებს ვერტმფრენების ჩამოგდების შესახებ, რაც მოულოდნელი არ ყოფილა დაღუპული თანამდებობის პირების პოლიტიკური წონის გათვალისწინებით. ზოგი ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ ირანში ტექნიკურად გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მომხდარი უბედური შემთხვევის ალბათობა იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მით უფრო, რომ წინა წლებში ორი ირანელი მინისტრი და ორი სამხედრო მეთაური მსგავს ვითარებაში დაიღუპა. ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთ ვითარებაში დაღუპვა სპეკულაციისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. 

იბრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა. ეს არჩევნები თანამედროვე ირანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კონკურენტული იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიათოლა ხამენეიმ და მისმა რეჟიმმა რეისს ყველა რეალური კონკურენტი არჩევნებამდე ჩამოაშორეს. კანდიდატების უმეტესობას არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუზღუდეს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს, რომელიც რაისის მთავარ კონკურენტად მოიაზრებოდა. რეჟიმისთვის რაისის ფავორიტობის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ის სახელდება, რომ ყველაზე ნაკლებად მას შეეძლო ხამენეის მასშტაბის პოლიტიკური წონის დაგროვება და კონკურენციის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლაა, წინა პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა საკმაოდ დიდი პოლიტიკური გავლენა მოიპოვა. იბრაჰიმ რაისი კი  2021 წლისთვის არაკომპეტენტური, არაქარიზმატული და რეჟიმისთვის უსაფრთხო პოლიტიკური ფიგურა იყო. ბოლო წლებში მას უჩინარ პრეზიდენტსაც კი ეძახდნენ.

რადგან ქვეყნის უმაღლესი ლიდერი - აიათოლა არჩევნების გზით არ აირჩევა პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხი კრიზისების მთავარი წყაროა. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, უმაღლესი ლიდერი უნდა იყოს სასულიერო პირი დიდი პოლიტიკური გამოცდილებით. ამჟამად ირანში გავლენიანი სასულიერო პირების უმეტესობა პოლიტიკურად უკვე მარგინალიზებულია. ბოლო დროს შემდეგი აიათოლას როლისთვის იბრაჰიმ რაისის კანდიდატურას განიხილავდნენ, რომელიც მაშდადის რეგიონის კონსერვატიულ ელიტას წარმოადგენდა და რელიგიური განათლება ჰქონდა მიღებული. 1989 წელს, როდესაც აიათოლა ხომეინი გარდაიცვალა, ხამენეიმ მისი ადგილი დაიკავა, თუმცა ამას წინ უძღოდა უსიტყვო პაქტი გავლენიან სასულიერო პირთან - აკბარ ჰაშემი რაფსანჯანისთან, რომელმაც აიათოლას პოზიციისთვის ბრძოლა დათმო, თუმცა პრეზიდენტი გახდა და მალევე შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის უფლებამოსილებების არეალიც გაიზარდა. როგორც ჩანს, ირანში აიათოლას მემკვიდრეობის ლეგიტიმაციის პრობლემას მსგავსი შიდა დაპირისპირებები აქამდეც გამოუწვევია და ეს კრიზისი არ დასრულდება იქამდე, სანამ ირანს შემდეგი აიათოლა არ ეყოლება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აიათოლა ხამენეის მემკვიდრეობისთვის მისი 54 წლის შვილიც, მოჯტაბა ხამენეიც იბრძვის, რომელიც საჯაროობით არ გამოირჩევა, თუმცა მის კანდიდატურას მხარს უჭერენ ირანის გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაქერ კალიბაფი. ირანული წყაროები ამტკიცებენ, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, ირანის შემდეგი პრეზიდენტი სწორედ კალიბაფი გახდება. მათი ცნობით, შესაძლოა რაისი იყო უსაფრთხო კანდიდატი პრეზიდენტობისთვის, თუმცა ბოლო წლებში გაჩნდა რისკები, რომ ის ალი ხამენეის მსგავსად საკუთარი გავლენის ქსელის შექმნას ეცდებოდა, ხოლო მოჯტაბა ხამენეი უკვე მამის ქსელის ნაწილია. 

2024 წლის მარტში ირანში ექსპერტების ახალი საბჭო აირჩიეს, რომელიც კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ახალი აიათოლას დანიშვნის შესახებ. საბჭოში 88 სასულიერო პირია და საბჭო 8 წლის ვადით მოქმედებს. თუ 2032 წლამდე აიათოლა ალი ხამენეი გარდაიცვლება, აღნიშნულ საბჭოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ექნება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს და გავლენის ქსელს წარმოადგენს. 

იბრაჰიმ რაისის დაღუპვის პოლიტიკურ შედეგებს უახლოეს მომავალში განვითარებული მოვლენები გამოაჩენს. აიათოლა ალი ხამენეი ახლა 85 წლისაა და მეტად სავარაუდოა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო მძიმე ფორმაში შევა და სიტუაცია არ დასტაბილურდება ახალი აიათოლას გამოჩენამდე. 

კომენტარები