რუსული კანონი

ლარი 16 მაისსაც ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა

რუსული კანონის მიღების ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 60 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა დოლართან 2.73 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 4.25 თეთრით. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი - 2.9577 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი - 3.01 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მეორე დღეა, ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან უფასურდება - გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი 16 მაისს გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.7580 იყო.

ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

რუსული კანონის მიღების შემდეგ, ანუ 14 მაისიდან ლარი დოლართან ჯამში 7.92 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 11.1 თეთრით.

გარდა ამისა, 15 მაისის დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა.

კომენტარები