რუსული კანონი

რაზე ისაუბრა ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე?

დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც რუსულ კანონსა და მისი მიღების პარალელურად ქართული ოცნების მიერ წარმართულ რიტორიკაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, თუ რუსული კანონი არ შეიცვლება და მმართველი ძალა მას ახლანდელი ფორმით მიიღებს, აშშ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. მან განმარტა, რომ არც ამჟამინდელი კანონპროექტის შინაარსი და არც მისი მიღების პროცესი ევროპულ ღირებულებებს არ ესადაგება. 

“გულწრფელად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც რეალურად მიღებული კანონი არ ესადაგება სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ მეტი დისკუსია გვექნება“. - თქვა ო’ბრაიენმა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თქვა, რომ კანონის ხარვეზს ერთი მხრივ, კონკრეტული ორგანიზაციების გამოყოფა წარმოადგენს, რაც მათ სტიგმატიზაციას იწვევს. მეორე მხრივ, მისი თქმით, პრობლემა დასავლეთის კანონმდებლობისთვის ჩვეული პროცესის შებრუნებაა - რუსული კანონის მიხედვით, სახელმწიფოს ორგანიზაციების დაჯარიმება სასამართლოს ჩატარებამდე შეუძლია.

"კანონი არ არის საკმარისად ინკლუზიური, ეხება მხოლოდ საგარეო და, პრაქტიკაში მხოლოდ კონკრეტულ საგარეო წყაროებს, ესე იგი არ მოიცავს ყველა პრობლემას, რომლის მოცვაც არის განზრახული. შედეგი არის ის, რომ ხდება იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სტიგმატიზება, რომლებსაც კანონი მოიცავს. ეს ორგანიზაციები და ადამიანები საქართველოში ყველაზე გამჭვირვალეები არიან, რადგან თავიანთ დაფინანსების წყაროებზე საუბრობენ, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც ფარდებს მიღმა იმართებიან, რომლებსაც სავარაუდოდ არადასავლური ქვეყნები აფინანსებენ, მოცული არ იქნება". - თქვა ო'ბრაიენმა.

ო’ბრაიენის თქმით, თუკი ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონი შეიცვლება და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი იქნე ბა, მაშინ “ეს პარტნიორობას გააძლიერებს“, ხოლო ამ ფორმით კანონის დატოვებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაშინებისა და ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში სანქციებს დააწესებენ მათზე, ვინც ამ მოვლენებზე პასუხისმგებელია.

"თუ დღეს რაც ვისაუბრეთ, მოხდება და კანონი კარგად მოდიფიცირდება, ეს ჩვენს პარტნიორობას გაამყარებს ნაცვლად გარღვევისა, რისიც მეშინია, რომ ახლა ხდება. [...] თუ კანონი შეუცვლელად იქნება მიღებული, EU-ს ნორმებთან შეუსაბამოდ, დემოკრატიულ ღირებულებებს გამოეთხრება ძირი და იქნება ძალადობა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, მაშინ ვიხილავთ აშშ-ს მხრიდან აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც ძირითადად ფინანსური და სამოგზაურო ხასიათის არის". - თქვა ო'ბრაიენმა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აქამდეც თვალნათლივ უთქვამს, რომ ამ ფორმით კანონის მიღების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას შედეგებთან ექნებოდა საქმე. ო’ბრაიენმა კობახიძის მიერ ამ განცხადების “ზეწოლად“ მოხსენიება გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან შესაბამისობის უარყოფა თავისივე კონსტიტუციით განსაზღვრული გზის მიტოვება იქნება. 

“საქართველო ცდილობს, რომ EU-სა და ნატოში გაწევრიანდეს, ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკეული სტანდარტები და გარკვეული მსაჯები, რომლებიც ამბობენ, რა არის წესები, ხოლო ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ ამ სტანდარტებთან შესაბამისობა განაგრძოს და არ გადაიხაროს“. - თქვა ო’ბრაიენმა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე ქართული ოცნების რიტორიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს“.

ო’ბრაიენმა ქართული ოცნების კონსპიროლოგიური განცხადებები გააკრიტიკა და მაგალითად მოიყვანა იდეა “გლობალური ომის პარტიისა" და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მოსაშორებლად დასავლეთის შეთქმულების არსებობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი მმართველ პარტიასთან 12 წელია, რაც თანამშრომლობს და ხელისუფლების რიტორიკა “არარეალურად, არასწორად და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად აცდენილ გაგებად“ მოიხსენია.  

"თითქოს Reddit-ის (რედ. სოციალური ქსელი, პოპულარულია ამერიკაში) გვერდი გაცოცხლდაო". - თქვა ო'ბრაიენმა სახელისუფლებო რიტორიკასთან დაკავშირებით.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ივანიშვილის შესახებ აღნიშნა, რომ “შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია, რომ ამდენად გავლენიანი ადამიანი ამდენად ცუდად არის ინფორმირებული“.

ო'ბრაიენის თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ “ამ ეტაპზე” არანაირი სანქციები არ მოქმედებს, ხოლო კობახიძის მიერ მისთვის ივანიშვილთან შეხვედრაზე არარსებული სანქციების გამო უარის თქმა არა მხოლოდ ინფორმირებულობის, არამედ კერძო ინტერესის სახელმწიფოებრივ ინტერესზე ზემოთ დაყენების პრობლემაზეც მიუთითებს.

"პრემიერმინისტრის მიერ თქმა, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, შეიძლება, შეფასებული იყოს, როგორც პირადი ინტერესების დაყენება უფრო მაღლა, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციური მისწრაფებების, რომ იმუშაონ მეტად საერთაშორისო პარტნიორებთან და გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და NATO-ში". - თქვა ო'ბრაიენმა.

ო’ბრაიენმა ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ხანგრძლივ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა საქართველო 6 მილიარდი დოლარით დააფინანსა. მისივე თქმით, ამ თანამშრომლობის გაგრძელება კვლავ სურთ.

“30 წელზე მეტია, საქართველო აშშ-ს ძლიერი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პარტნიორობას გავაგრძელებთ“. - თქვა ო’ბრაიენმა.

კომენტარები