რუსული კანონი

შსს: თუ არ დაემორჩილებიან პოლიციას, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყება პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, "დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს".

"იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას" - აცხადებს შსს.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები