რუსული კანონი

კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება – ევროპარლამენტართა ჯგუფი რუსულ კანონზე

ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავრობის ნაბიჯებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნები შეასრულოს.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი დემოკრატიის პრინციპთან და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუსაბამოა.

ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მისდიონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის ევროპულ პრაქტიკას და არა რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის სახასიათო მიდგომას, რომელიც თავისუფალი მედიის გაუქმებას ისახავს მიზნად.

"EU საქართველოს წელიწადში საშუალოდ €100 მილიონის ოდენობის ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უგზავნის. ჩვენი მხარდაჭერა კონცენტრირდება იმაზე, რომ საქართველოს დაეხმაროს საკვანძო პროევროპული რეფორმების გატარებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში, ბიზნესების მხარდაჭერაში, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ინფრასტრუქტურის შენებასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფაში.

უცხოური ძალის აგენტების კანონი, ანდა უცხოური გავლეენის გამჭვირვალობის შესახებ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების სექტორებს "უცხოურ აგენტებად" და "სახელმწიფოს მტრებად" შეაფასებდა, თუ ისინი იგივე EU-ს დაფინანსებას მიიღებდნენ, რასაც საქართველოს მთავრობა იღებს". - წერია განცხადებაში.

როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

"შეთავაზებული კანონი უცხოურ აგენტებზე, ასევე ცნობილი როგორც კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ამ ნაბიჯებიდან, სულ მცირე, ორს არღვევს". - წერია განცხადებაში.

გამოყოფილი ნაბიჯებია: 1-ელი ნაბიჯი, რომელიც EU-სა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს და მე-9 ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო პროცესებსა და საჯარო პოლიტიკის განმსაზღვრაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მის თავისუფალი მოქმედებას მოითხოვს.

ტექსტში ევროპულ კომისიას მოუწოდებენ, კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოთხოვნებთან ქართული ხელისუფლების ქმედებათა შესაბამისობას თვალი აქტიურად ადევნონ და შეფასებაც დროულად წარადგინონ.  

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროინტეგრაციის მხრივ რეგრესიული პროცესის დაწყების შემთხვევაში ევროკომისია შესაძლოა EU-ს გაფართოების შესახებ თავდაპირველ პოზიციას დაუბრუნდეს.

„საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის მიღწევა მხოლოდ EU-ს ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების, დაცვით არის შესაძლებელი“. - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • პეტერს აუშტრევიჩიუსი,
  • მირიამ ლექსმანი,
  • სვენ მიქსერი,
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი,
  • ანა ფოტიგა, 
  • ანდრიუს კუბილიუსი, 
  • კარინ კარლსბრო, 
  • ფრანსუა თიოლე,
  • კატალინ ჩეჰი,
  • ანა იულია დონატი, 
  • ანდრეი კოვაჩევი, 
  • ჰილდე ვოტმანსი, 
  • მიხელა შოიდროვა, 
  • მაიკლ გალერი,
  • რაინჰარდ ბუტიკოფერი, 
  • რამონა სტრუგარიუ,
  • იოზეფ მიჰალი, განაახლეთ ევროპა,
  • მარეკ პაველ ბალტი,
  • რასა იუკნევიჩენე
  • ატილა არა-კოვაჩი,
  • ნაჩო სანჩეს ამორი,
  • იზაბელ სანტოსი.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები