რუსული კანონი

გირჩი-დროა რუსულ კანონზე: დღეს ჩვენი პასუხისმგებლობა ხალხთან ერთად მოქმედებაა

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით მისი პარტიისა და გირჩი-მეტი თავისუფლების ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საქართველოსა და ევროკავშირს შორის კედლის აშენებას ცდილობს და საჭიროა, რომ პარტიებმა და ხალხმა ამ კანონის წინააღმდეგ ერთად იმოქმედონ.

"ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის დარეგისტრირებით საქართველოსთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მორიგ ჯერზე გადადგა ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი. ეს არის მცდელობა, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის კედელი ამოაშენონ. ეს პირველი შეთხვევა არაა, როცა ქართული ოცნება ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიდის. თუმცა, გვინახავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მმართველი გუნდი ჩვენს ქვეყანას, საქართველოს სრული უმრავლესობის ძალიან მტკიცე ნებას, ისტორიულ ამოცანას უპირისპირდება, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ - ის სრული კრახით მარცხდება. ამჯერადაც ასე იქნება.

ჩვენი პარტნიორების, მეგობრების აბსოლუტური კონსენსუსი ვნახეთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ევროპული, თავისუფალი ოჯახის წევრი გახდეს. შეფასება ცალსახაა - ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული გადაწყვეტილება. მინდა, გირჩი-დროას სახელით მტკიცე ნება და გააზრება გამოვხატო, რომ დღეს ჩვენი პასუხისმგებლობა მოქმედებაა. მოქმედება ერთად, საზოგადოებასთან, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს არ დათმობს. დღეს პოლიტიკური პარტიები ერთად ვდგავართ, ვიდგებით ერთად და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ერთად. რუსული კანონის უკან წასაღებად ეს ერთიანობა გადამწყვეტია". - თქვა ხოშტარიამ.

ქართული ოცნება რუსულ კანონს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს დააინიცირებს. 

კომენტარები