ახალი რუსული კანონი

ლილუაშვილი: ოცნება ყოველდღიურად თავის შიშებზე ჭრის და კერავს

ბექა ლილუაშვილი
ტაბულა/ზურაბ ცერცვაძე

პარტია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება ხელისუფლებას სათანადო პასუხს არჩევნების დროს გასცემს. 

ამავე განცხადებაში ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, ქართულმა ოცნებამ უარყო.

"ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. როდესაც პირველად მოხდა "რუსული" კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ მათ უგულებელყვეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის, გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა “ოცნების” ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა და ახლა მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც “ქართულ ოცნებას” შესაბამის პასუხს გასცემენ" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 


უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" რუსულ კანონი ხელახლა დააანონსა.

კომენტარები