ახალი რუსული კანონი

პაპუაშვილი ახალ რუსულ კანონზე: სახალხო განხილვა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება.

"რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს - იცით, რომ საყოველთაო სახალხო განხილვას პროცედურები აქვს. მისი ტექნიკური ინიცირება მოხდება, შემდეგ კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. ვვარაუდობ, რომ საყოველთაო სახალხო განხილვა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ეს განხილვა ღიაა და ყველამ ნახოს, ქართველი ხალხი რას ფიქრობს". - თქვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბარში.

25 მარტს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება.

"გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ". - თქვა მდინარაძემ

კომენტარები