ახალი რუსული კანონი

ივანიშვილის პერფორმატიული კონსერვატიზმი

ახალი რუსული კანონი

ივანიშვილის პერფორმატიული კონსერვატიზმი

როცა გამარჯვებული ვოუქ კულტურის შემხედვარე ქართველი უკან მოიხედავს და იკითხავს, როგორ მოვიდა აქამდე, მოუწევს, გაიხსენოს 2024 წლის 25 მარტი. დაინახავს, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისას პიროსის გამარჯვებას ზეიმობდა. კენჭი, რომელიც თიხისფეხება კოლოსს მოხვდა, სწორედ მაშინ დაგორდა, როდესაც საკრალურის პროფანაცია და საარჩევნო ინსტრუმენტალიზაცია ახალ ხარისხში აიყვანეს. დაინახავს, რომ საქართველოშიც განმეორდა ის, რაც იქამდე დასავლეთში. 

"გამოცდილმა უცხოელმა საარჩევნო კონსულტანტებმა" და "ტრიუკების გროსმეისტერებმა" მათაც იგივე რეცეპტი გამოუწერეს, რასაც არც ისე დიდი ხნის წინ დასავლელებს უწერდნენ. 

ეს რეცეპტი "სოლი საკითხების" შემოტანაში მდგომარეობს, რომელმაც საზოგადოების იმგვარი პოლარიზება უნდა წარმოქმნას, რომ სრულიად უაზრო არჩევნებს აზრი მისცეს. აქ მთავარი არა გამარჯვება, არამედ ბრძოლის მუდმივობის შენარჩუნებაა. 

ხელისუფლებას წარმატების თავბრუსხვევა აქვს - სრულიად დემორალიზებული პოლიტიკური ალტერნატივის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობას ეპოტინება. 

ივანიშვილს სჭირდება თემა, რომელიც თავს არასდროს ამოწურავს, ამომრჩეველს ლოგინიდან წამოყრის და უბნებთან მიიყვანს. "პუტინის პირადი პატიმრით" არმაგედონის წინასწარმეტყველება გართულდა, ამიტომ ახალი გახდა საჭირო. საკონსტიტუციო ინიციატივების არსიც სწორედ ის არის, რომ აპოკალიფსს სულ უნდა ელოდე, მაგრამ არასდროს დადგეს. ამ ლოგიკით, მრავალს ეეჭვება, რომ ქართული ოცნება საერთოდ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. ვირმა მუდმივად უნდა მისდიოს ცხვირწინ დაკიდებულ სტაფილოს და ვერასდროს მისწვდეს.

საკითხავი ის არის, სად მიჰყავთ ეს ვირი? 

იმისთვის, რომ მარშრუტი გამოვიცნოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენთან ამ სპექტაკლის პრემიერა არ მიმდინარეობს. ერთ დროს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე კომპარტიის ყველაზე მეტ წევრს ითვლიდა. ის საჯარო ტყუილისა და კერძო სიმართლის ორმაგ ცხოვრებაში ცხოვრობდა. კატაკლიზმურმა მოვლენამ მყიფე “რელიგიური გამოღვიძება” წარმოქმნა - მოჩვენებითი კომუნისტობა ფარისევლურმა მართლმადიდებლობამ ჩაანაცვლა. ლენინი შეიტანეს, ჯვარი გამოაბრძანეს, მაგრამ გულიცა და გონებაც იგივე დარჩა. ჩვენ ვნახეთ ასეთივე კატაკლიზმური მოვლენა 2012 წელს - როცა გვიანი აბსოლუტიზმის მეოთხე ეშელონის მომსახურე პერსონალი ერთ დღეს “შეფხიზლდა”, თქვა, რომ “შიგნიდან ანგრევდა” და დღეს მოქმედი ხელისუფლების ელიტად მოგვევლინა.

იმის თქმა მსურს, რომ რადიკალური გადამუხტვა არნახული არ არის და არც მისი პროგნოზირებაა რთული. 

ქართული ოცნება ვოუქიზმის ყინულმჭრელია.

რთულია კონსპიროლოგების ნარატივის დაჯერება, რომ ბიძინასთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ამას უკავშირდება - რომ მიქცევას მოქცევა მოჰყვეს. მაგრამ წინასწარმეტყველება არ სჭირდება იმას, რომ თანამედროვე ისტორიის უკანასკნელი ფურცელი გადმოფურცლო და ნახო, რომ დასავლურ ცივილიზაციაში სწორედ ამ ეტაპზე ვართ. სწორედ ასეთმა თვითმარქვია კონსერვატორებმა, სწორედ ასეთივე “პოლიტიკური ხრიკებითა” და საკრალურის პროფანაციით აღაზევეს ძალები, რომელთაც იქამდე ცოტა ხნით ადრე პოლიტიკურ მაგიდასთან სკამიც არ ედგათ. 

მათმა სულმოკლეობამ და საკრალურის პოლიტიზებამ უკუძალით დაარტყა სწორედ იმას, რისი დაცვის სპექტაკლსაც დგამდნენ. სასარგებლო იდიოტის როლში აღმოჩნდნენ მათი მხარდამჭერებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმას, რასაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან, ჰალსტუხიანი მოციქულების მფარველობა სჭირდება.

ყველა სასტიკად მოტყუვდა, ვინც ჩათვალა, რომ ღვთივდადგენილი ინსტიტუტების დაცვა ღვთივდადგენილი უფლებების აყრით უნდა დაეწყო - სულსწრაფობა ცუნამიდ შემობრუნდა და დასავლური ცივილიზაციისთვის არნახული ეროზია წარმოქმნა.

ღმერთი ცირკის მსახიობად პირველებმა სწორედ დასავლელმა მაკიაველისტმა თვითმარქვია კონსერვატორებმა დანიშნეს. ახალმა დირექტორმა ის უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვა. 

მყიფე აღმოჩნდა მათი ტრიუმფი, ვინც დაივიწყა, რომ ღმერთს ინსტიტუტებთან ერთად თავისუფალი ნებაც ჰქონდა ნაჩუქარი.

ახლა ამ მოსავალს იმკიან. 

მაგრამ, როგორ სწრაფადაც მინელდა დასავლელი “კონსერვატორების” დიპლიპიტოების ხმა, ისევე მალე უნდა ველოდოთ მათ ნანგრევებზე აღზევებული ახლადშექმნილი იდეების ჩამოშლასაც.

20-30 წლის წინ განადგურებულ აკადემიაში თეორიტიზებულ იდეებს არც იქ უწერიათ დიდი დღე. დასავლური ცივილიზაცია მათაც მოინელებს. სულმოკლეობასა და იმას, რასაც ბენედიქტე მეთექვსმეტე რელატივიზმის დიქტატურას ეძახდა, ფასი აქვს - მას არ შეუძლია საკუთარი იდეების სერიოზულობით საკმარისი რაოდენობის ადამიანი საკმარისად დიდხანს აანთოს. 

ეს სახლიც ქვიშაზეა აშენებული.

ამას საქართველოს "სამოქალაქო სექტორშიც" ვხედავთ - მათი უმრავლესობა სიმხდალეს რაციონალიზებს და საკმარისს არ აკეთებს, წინააღმდეგობა გასწიოს ჩვენი ცივილიზაციის წარუვალი ღირებულებების დასაცავად, რომელთა ცენტრშიც პიროვნების ღირსება დგას. 

მათ, ვისაც ნამდვილად სჯერა ქრისტიანობის, კონსერვატიული, ლიბერალური იდეების, უნდა ესმოდეს, რომ როგორცვე კოლოსი წაიქცევა, კელაპტრიანი "ქოცი" ისეთივე წარმატებით გადაკეთდება ქრისტიანიდან ვოუქად, როგორი წარმატებითად მარქსისტიდან ქრისტიანად გადმოკეთდა. 

კომენტარები