ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, წითელი ზღვის მიმართულებიდან წამოსული "საეჭვო საჰაერო ობიექტი", რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათის მახლობლად დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, ფრთოსანი რაკეტა იყო.
მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მოძრაობამ აიღო. გავრცელებული ცნობებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო IDF-ის თქმით, ინციდენტის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტა ისრაელის ტერიტორიას დაეცა. აქამდე, იემენიდან გაშვებული დრონები და რაკეტები ან მეზობელ სახელმწიფოებში ვარდებოდა, ან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ნადგურდებოდა.