ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს დემოკრატმა სენატორმა ისრაელს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და პრემიერი გააკრიტიკა

აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი 
POLITICO

აშშ-ს დემოკრატი კონგრესმენი და სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი სენატის დარბაზში სიტყვით გამოვიდა და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

სენატში სიტყვით გამოსვლისას ჩაკ შუმერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა 7 ოქტომბერს მშვიდობიან მოსახლეობაზე ჰამასის თავდასხმის სისასტიკეს და განაცხადა, რომ ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს. მისი თქმით, ჰამასი ამ ომში უნდა დამარცხდეს, თუმცა, მან ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ არჩეული გზა გააკრიტიკა.

"პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს გზა აერია, რადგან პოლიტიკური თვითგადარჩენა ისრაელის ინტერესებზე წინ დააყენა". - თქვა ჩაკ შუმერმა და ისრაელის პრემიერს "ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებთან" კოალიციაში ყოფნა და ღაზაში "გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის" უგულებელყოფა დააბრალა.

შუმერის თქმით, ამ ეტაპზე ორი სახელმწიფოს გზაზე ოთხი მთავარი დაბრკოლებაა, რაც ხელს უშლის ისრაელში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მშვიდობის დამყარებას. მისი აზრით, ეს ოთხი დაბრკოლება "ჰამასი და მისი ბოროტი ქმედებებისთვის პალესტინელების მხარდაჭერა, ისრაელის მთავრობასა და საზოგადოებაში რადიკალური მემარჯვენე ისრაელელები, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, და პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასია".

დემოკრატი სენატორის თქმით, ისრაელმა არჩეული გეზი უნდა შეცვალოს, რაც არჩევნების მეშვეობით უნდა მოხერხდეს. 

"თუკი ომის შენელების შემდეგ პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმდინარე კოალიცია ძალაში დარჩება და გააგრძელებს, სახიფათო და გამომწვევ პოლიტიკას, რომელიც აშშ-ს დახმარების სტანდარტებს გამოცდის, მაშინ აშშ-ს სხვა არჩევანი არ დარჩება იმის გარდა, რომ, არსებული ბერკეტების მეშვეობით, ისრაელის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში უფრო აქტიური როლი ითამაშოს, რათა არსებული გეზი შეიცვალოს". - თქვა ჩაკ შუმერმა.

ჩაკ შუმერის გამოსვლის პასუხად ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიამ განაცხადა, რომ "ისრაელი დამოუკიდებელი და ამაყი დემოკრატიაა და არა - ბანანის რესპუბლიკა, რომელმაც პრემიერმინისტრად ნეთანიაჰუ აირჩია".

დემოკრატი სენატორის გამოსვლა აშშ-ში ისრაელის ელჩმა მიშელ ჰერცოგმაც გააკრიტიკა, რომლის თქმითაც, "ისრაელი სუვერენული დემოკრატიაა", ხოლო ეს გამოსვლა "კონტრპროდუქტიულად" შეაფასა.

ჩაკ შუმერის გამოსვლას გამოეხმაურნენ რესპუბლიკელი ლიდერებიც. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, შუმერის გამოცვლა "უადგილო" და "მცდარი" იყო. ხოლო სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის მიტჩ მაკონელის შეფასებით, დემოკრატების პარტიას ანტი-ისრაელისეული მიდგომის პრობლემა ახასიათებს. მაკონელის თქმით, "ისრაელი იმსახურებს მოკავშირეს, რომელიც ასეც [მოკავშირესავით] იქცევა".

კომენტარები