რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პროუკრაინული რუსული ჯგუფების გაფრთხილების შემდეგ, ბელგოროდის ცენტრში აფეთქებები გაისმა

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ფოტოები ბელგოროდიდან

მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა ქვედანაყოფებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომ საათ-ნახევარში ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მდებარე სამხედრო ობიექტებს დაარტყამდნენ, ქალაქ ბელგოროდის ცენტრში აფეთქებების ხმა ისმის. ცნობები რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება

ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, დარტყმების შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ ქალაქში ისმის სარაკეტო განგაში.

აქამდე, რამდენიმე წუთით ადრე უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ და ციმბირულმა ბატალიონმა გაავრცელეს განცხადება კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების მცხოვრებლების მიმართ, რომ თავშესაფრებში ჩასულიყვნენ.

13 მარტს პროუკრაინულმა რუსულმა ქვედანაყოფებმა გაავრცელეს მიმართვა ბელგოროდისა და კურსკის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ ევაკუაცია დაეწყოთ. 14 მარტის დილით კი რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაურმა მიმართა ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომ გასულიყვნენ დასახლებული პუნქტებიდან, რადგან რამდენიმე წუთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს დაიწყებდნენ.

12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

მოხალისოებრივი ჯგუფების მოქმედების პარალელურად, 13 მარტს რუსეთის რეგიონებზე, 7 სხვადასხვა ოლქში 60-ზე მეტმა დრონმა მიიტანა იერიში.

პროუკრაინულმა ჯგუფებმა რეიდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან 3 დღით ადრე დაიწყეს. ხმის მიცემის პროცესი 15-17 მარტს გაიმართება. არჩევნებში ვლადიმირ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თქვა, რომ უკრაინელები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას თუ არა, სულ მცირე, ხელის შეშლას ცდილობენ. მისივე აზრით, მათ სურთ გარკვეული ტერიტორიის დაკავება, რათა მომავალში შესაძლო მოლაპარაკებების დროს გასაცვლელად გამოიყენონ.

სასაზღვრო შეტაკებების მიუხედავად, სპეციალურ მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ 15 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები რუსეთის ყველა ქალაქში, დასახლებასა და სოფელში გაიხსნება.

კომენტარები